English / ქართული / русский /
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ეფექტური მენეჯმენტი - ძლიერი სახელმწიფო

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ხელისუფლების ძირითადი ამოცანები, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყნის ძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, რომელიც დამოკიდებულია გამოცდილების, კვალიფიკაციის, პროფესიული დონის ამაღლების, ფიზიკური და გონებრივი შრომის ეფექტურად გამოყენების უნარზე. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეფექტური შრომითა და გონივრული  გადაწყვეტილების შემუშავები გზით,უზრუნველვყოთ საკუთარი და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობა.

აქვე აღნიშნულია, რომ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ჩვილბავშვიანი დედების მიმართ და რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები მიმართოს ამ დიდი მამულიშვილური საქმისადმი,  რომელიც ქვეყანას უდავოდ დიდ ეფექტს მოუტანს. აქვე აღნიშნულია ინვესტიციების ნაკლებობაზე ლექტორ-მასწავლებელთა საპენსიო განაკვეთების ზრდის თაობაზე.

ნაშრომში საუბარია ქვეყნის ბუნებრივი და წიაღისეული სიმდიდრის მნიშვნელობაზე და მისი მოპოვება-გამოყენების ეფექტიანობაზე ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისათვის.

გამახვილებულია ყურადღება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის დისბალანსზე იმპორტის მხრივ, მის მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე. 

*** 

ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი ამოცანა უნდა იყოს დღენიადაგ ქვეყნის ძლიერების განმტკიცებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე ზრუნვა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია თითოეული მათგანის გამოცდილების, კვალიფიკაციის, პროფესიული დონის ამაღლების, ფიზიკური და გონებრივი შრომის ეფექტურად გამოყენების უნარზე, რომელთა ხარჯზე შესაძლებელია მიღწეულ იქნას წარმატებები, რაც ქვეყნის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საფუძველია.

ქვეყანაში, ბევრი მოუგვარებელი პრობლემის გამო, მაღალია უმუშევრობის მაჩვენებლები და ღარიბია მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ შემთხვევაში ადამიანი იმაზე ფიქრობს რა გზას დაადგეს და რითი ირჩინოს თავი. ღარიბი ხარ თუ მდიდარი, მთავრობის წევრი ხარ თუ რიგითი მუშაკი, უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, უნდა იყო პატრიოტი და იზრუნო ქვეყნის აღმშენებლობისთვის. მივბაძოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს, როდესაც სამშობლოს უჭირდა ერი და ბერი ერთიანდებოდა და ერთსულოვნების ხარჯზე აღწევდნენ წარმატებებს. ბევრჯერ ააოხრა და გააპარტახა მტერმა ჩვენი სამშობლო, მაგრამ ის მაინც ახერხებდა ფეხზე დადგომას. ეფექტური შრომითა და გონივრული გადაწყვეტილების შემუშავების გზით, უზრუნველვყოთ საკუთარი და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობა. ამისათვის საჭიროა გავათვითცნობიეროთ, რომ სხვისი შემყურე ცხოვრება შეუძლებელია. ადამიანის ძირითადი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სწორად შეაფასოს მასში არსებული უნარ-ჩვევები და შეარჩიოს პრიორიტეტები, რათა მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოიყენოს ხელთ არსებული რესურსი, რომ დაძლიოს მის წინაშე არსებული პრობლემები.

დღეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა მისული, ამავე დროს მძვინვარებს უხილავი და დაუძინებელი მტერი პანდემიის სახით. სწორედ ამ ბრძოლაშია ჩაბმული ხელისუფლება, მაქსიმალურად ცდილობს გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან და მშრომელთა კეთილდღეობა უფრო და უფრო წინ წასწიოს. ამ ეტაპზე გვერდში ამოდგომის მაგივრად ოპოზიცია გაუთავებლად კინკლაობს, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს სახელმწიფოს განვითარებაზე. ამ ვითარების დასაძლევად საჭიროა გონივრულად განსაჯოს პოზიციამ და ოპოზიციამ აღნიშნული პრობლემა. უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე მხარეს ბედკრული საქართველოს შვილებია. არ დავივიწყოთ სამშობლოს სიყვარული. საქართველო უპირველეს ყოვლისა.

ქართველი ერი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, სხვისი პატივისცემითა და დაფასებით ყველგან და ყველაფერში. მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკისა, ქართველი კაცის ღირსება არასოდეს ისეთი ამაღლებული არ ყოფილა, როგორც საბჭოთა ეპოქაში. უფროს თაობას კარგად ახსოვს, როგორ ხვდებოდნენ ქართველებს მოსკოვსა და ლენინგრადში (ახლანდელი სანკ-პეტერბურგი). ჩვენი მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება ისე ყვაოდა, რომ მთელი საბჭოთა კავშირი შემოგვნატროდა. ქართველს, თუნდაც ვიღაც ბოგანო რომ ჩამოსულიყო რუსეთში, უკრაინასა ან ნებისმიერ მოკავშირე რესპუბლიკაში, ყველა პატივს სცემდა.

ქართველს თავისუფლად შეუძლია იამაყოს თავისი ერის წარსულით, სახელოვანი მამულიშვილებით, მწერლებით, პოეტებით, მეცნიერებით, კულტურის მოღვაწეებით, სპორტსმენებით და სხვა, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს სახელი და დიდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს, გააცნეს მსოფლიოს ჩვენი ქართული გენის სიდიადე. როგორ ლამაზად ჟღერს რასიოლოგიისა და ანთროპოლოგიის ფუძემდებლის, ფრიდრიხ ბლუმენბახის შეფასება. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მას შემთხვევით როდი უღიარებია ქართველები მსოფლიოში ულამაზეს ხალხად და თეთრი რასის ფუძემდებლად.

ჩვენმა დაკვირვებამ მოგვცა შესაძლებლობა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ისტორიულად ქართულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები პატარა ასაკიდან ეჩვეოდნენ შრომას, იცოდნენ მისი ფასი და ათვითცნობიერებდნენ იმას, რომ შრომისა და გარჯის გარეშე ყოფა-ცხოვრება შეუძლებელია.

პატარებს შრომა აჩვევს, აწრთობს და ხელს უწყობს კარგ პიროვნებად და ადამიანად ჩამოყალიბებაში. უდავოდ, ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლებს, მაგრამ შვილის აღზრდაში ლომის წილი უდევს დედას. როგორც ვაჟა ბრძანებდა: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“-ო. დედას მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, როგორც შვილის გამზრდელს. პირველ რიგში, ეს დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობით უნდა გამოიხატებოდეს. დედას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი დრო შვილის აღსაზრდელად. მოსამსახურე დედებს, უმეტეს შემთხვევაში, ძიძა ჰყავთ აყვანილი შვილის მომვლელად, რაც კარგ მიდგომად არ მიგვაჩნია. შვილის აღმზრდელი დედა სოციალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რაშიც ხელისუფლებამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს. დედის ძირითად მოვალეობად უნდა ითვლებოდეს შვილის გარკვეულ ასაკამდე აღზრდა და ამ საქმეში უდავოდ დიდი ინვესტიციების ჩადებაა აუცილებელი, რაც უდავოდ დიდ ეფექტს მოუტანს სახელმწიფოს. საინტერესო პროექტია - „პატარების დიდი შოუ“, სადაც ვიხილეთ ნიჭით დაჯილდოვებული და გამორჩეული ბავშვები. იმედია, მათი ნიჭი უფრო გაიფურჩქნება, მაგრამ მშობლებმა არ უნდა მოადუნონ ყურადღება და ხელშეწყობა ასეთი ნიჭით გამორჩეული შვილების მიმართ. მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროსთან შეიქმნას ცალკე რომელიმე დეპარტამენტი ან ბიურო, რომელიც უხელმძღვანელებს ნიჭით გამორჩეულ ბავშვებთან საქმიანობას. ჩვენ გვჯერა, რომ ამით მომავალში ვიხილავთ მცოდნე და მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდა თაობას, რომლებიც 21-ე საუკუნეში უდავოდ დიდი საქმის განხორციელების ავტორები იქნებიან.

საამაყოა, თუ როგორი მონდომებითა და რუდუნებით შრომობდნენ ჩვენი სასიქადულო წინაპრები. ეპოქის ამა თუ იმ პერიოდში დიდ თაოსნობას იჩენდნენ, თუ როგორ დაეცვათ სამშობლო მტრებისაგან, როგორ შეექმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები და ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდათ, რომ უწყვეტად ეკეთებინათ დიდი მამულიშვილური საქმეები და ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით უდგებოდნენ სამშობლოს სიყვარულს. სწორედ დაუღალავი შრომის შედეგია ის დიდი მიღწევები, რომლებიც განუმეორებელი ძეგლების სახით დაგვიტოვეს, როგორიცაა: ვარძია, სვეტიცხოველი, გელათი, ხახული, შიო მღვიმე, ჯვარი, საფარა, მარტვილი და მრავალი სხვა მატერიალური ძეგლი, რომლებიც  ჩვენი საამაყო წარსულის მემატიანე და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

საქართველო თავისი მდებარეობით, ბუნებრივი რესურსებით და წიაღისეული სიმდიდრით, თავის ადგილს იკავებს მსოფლიოს თანავარსკვლავედში. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია თავისი ბუნებრივი და წიაღისეული სიმდიდრეებით. მსოფლიოში ცნობილი მაღალი დონის მეცნიერმა ალექსანდრე ჯანელიძემ 1933 წელს შექმნა ქართული გეოლოგიური სკოლა. მას საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა ცნობილი მეცნიერები საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის შესასწავლად. სწორედ მათ აღწერეს მთელი საქართველოს გეოლოგიური რუქა. როგორც ირკვევა, დღეს ხელისუფლებაში სრულყოფილად არ იციან საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. კვლევებიდან ჩანს, რომ საქართველოში თითქმის 73 სახეობის წიაღისეული სიმდიდრეა აღმოჩენილი, რომლებიც შეიცავს მენდელევის თითქმის მთელ სისტემას, ესენია: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ტყვია, რკინა, ბარიტი და ასე შემდეგ. როგორც ცნობილია, ჩვენი ქედები, როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით შეიცავს ისეთ წიაღისეულს, როგორიცაა ლოპოტის მარმარილო, რომელიც ხარისხით არ ჩამოუარდება იტალიურ მარმარილოს, სალიეთის მარმარილოზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი მოცულობით არ ხდება მისი მოპოვება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სალიეთის მარმარილოთია მოპირკეთებული მოსკოვის მეტროპოლიტენის მთელი რიგი სადგურები. გარდა მარმარილოსი, გვხვდება გრანიტი, ბაზალტი, მთელი ვულკანური ქანების ბევრი სახეობა. მთელი კავკასიონი ხომ ამოუწურავი სიმდიდრეა. რუსეთის უდიდეს ტერიტორიაზე ისტორიულად ერთ-ერთი მდიდარი მხარეა ურალი. მიუხედავად მისი საუკუნეობრივი ინტენსიური ექსპლოატაციისა, ის მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს რუსეთის გეოლოგიაში. ჩვენ ხელუხლებელი გვაქვს ურალზე უფრო მდიდარი საბადოები. საქართველოში მარტო ოქრო რომ ავიღოთ, დაწყებული პატარა მდინარე გლდანულადან თითქმის ყველა მდინარეების სილა-ღორღი შეიცავს ოქროს და მრავალ სასარგებლო ქანებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში.

საქართველო უმდიდრეს ქვეყნად ითვლება, რადგან ფლობს დიდი რაოდენობით რესურსებს. კერძოდ, აღსანიშნავია შავი ქვა, რომლის მაქსიმალური გამოყენება დიდ ეკონომიკურ ეფექტს მისცემს სახელმწიფოს. საბადოს აუზი ზესტაფონიდან საჩხერემდე გრძელდება, რომელიც შეიცავს მაღალი ხარისხის მადანს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მოპოვება საქართველოში არ ხდება (დაწყებული ჭალადიდან-კახეთამდე მთელი რიგი ტერიტორიები მდიდარია ნავთობით). სამწუხაროდ, ძალიან პასიურობენ და არავინ ფიქრობს ნავთობის მოპოვების საქმეს ხელი მოჰკიდონ, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ფინანსური რესურსების განვითარებაში გარკვეული როლი ითამაშოს.

როგორც ცნობილია, საქართველოში გამოვლენილია 2000-ზე მეტი მინერალური წყლის წყარო, რომელსაც მაღალი სამკურნალო თვისებები გააჩნია. აგრეთვე უნიკალური დასალევი წყაროს წყლით დაინტერესებას გამოხატავს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებიც სხვა ქვეყნის სასმელ წყლებთან შედარებით მაღალი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა. ეს ჩვენი სიმდიდრე არ არის? ჩვენი სიმდიდრეები ეფექტურად და რაციონალურად რომ გამოვიყენოთ, ამისათვის საჭიროა კარგად მოფიქრებული მენეჯმენტი, რომელიც დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, რომ ექსპორტს მივცეთ სწორი მიმართულება, რასაც სახელმწიფოსთვის დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია.

ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ გვინდა ჩვენი მოკრძალებული მოსაზრება გამოვთქვათ, რომ მრავალი ჰესის მშენებლობის მიუხედავად, როგორც აღნიშნავენ, მაინც იგრძნობა ელექტროენერგიის დეფიციტი. სანამ ნამოხვანჰესის და სხვა მშენებლობის იდეის პრაქტიკულად განხორციელებას შევუდგებოდეთ, აუცილებელია სპეციალისტები და ექსპერტები გაეცნონ აღნიშნულ პროექტს და ბოლოს მოხდეს მისი გაცნობა-განხილვა საზოგადოების წევრებთან. იქ დაისმებოდა კითხვები: ვინ არის ინვესტორი, რა ვადით შემოდის საქართველოში, რა სიმაღლის კაშხალი იქნება აღმართული, მიწის რა ფართობს დაიკავებს, რა გავლენას მოახდენს ეკოლოგიაზე და ა.შ. ქვეყანაში რომ შენდება ჰესები, ფაქტია, ქვეყნის ძლიერებაზე მეტყველებს, მაგრამ არავის გახსენებია, რომ ნამოხვანის შემოგარენი რა მრავალფეროვან სიმდიდრეს ინახავს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მომავალში რა ბედი ეწევა მას! არ ითვალისწინებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ საქართველოს ტერიტორიის 30% არის მხოლოდ სავარგულები და ისიც წყლით უნდა დაიფაროს? მეტი გონება რომ მოგვეხმო და მოქნევამდე მოზომვა აგვერჩია, ასეთი დაძაბულობა და პერმანენტული აქციები არ მოჰყვებოდა ამ საკითხს. ამ შემთხვევაში მოვუხმოთ ბრძნულ აზრებს, შევიმუშავოთ ოპტიმალური ვარიანტები, რომ მოგებული დარჩეს ქვეყანა და მადლიერი იყოს ქართველი ხალხი.

ხელისუფლება უნდა გრძნობდეს სწავლა-განათლების პრიორიტეტულობას, რადგან განათლებული ადამიანი არის ქვეყნის უდიდესი რესურსი და სიმდიდრე. გაუნათლებელი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და არა ქვეყნის მომავალზე, ან არასწორად ჩაებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში და ან საერთოდ არ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას მასში. ამიტომ თითოეულმა ადამიანმა თავისი ინტერესისა და სურვილის შესაბამისად უნდა მიიღოს განათლება, რომ გახდეს კარგი ადამიანი, აქტიური მოქალაქე და სამშობლოს პატრიოტი. ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვთ უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერ-პედაგოგებს, რომელთა მიზანია, თითოეული კურსდამთავრებული იყოს მეტად კრეატიული და გონებაგახსნილი ახალგაზრდა, რომელიც იქნება აქტიური, საქმის მოყვარული და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაში. როგორც სულმანათი ილია ბრძანებდა: „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არ ჰყავს“-ო.  სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის გადაუდებელი პრობლემა, როცა ქვეყანა განიცდის მაღალკვალიფიკაციური გონებაგახსნილი და განათლებული ადამიანების დეფიციტს.

როგორც აღვნიშნეთ, უმაღლესი კურსდამთავრებულების ჩამოყალიბებაში უდავოდ დიდი და ფასდაუდებელი ამაგი კეთილსინდისიერ მეცნიერ-პედაგოგებს მიუძღვით, რომლებსაც მთელი ცხოვრების დიდი ნაწილი უმაღლესი სკოლის კედლებში აქვთ გატარებული. ისმის კითხვა, როგორ აფასებს ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებში თუ სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე პედაგოგ-მეცნიერების მოღვაწეობას? საპენსიო ასაკს მიღწეულ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებიც საბოლოოდ სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობის სარბიელიდან გადიან, არ იკითხავთ, რამდენია მათი პენსია?! იმდენი აქვს, რამდენიც მუშაობის სტაჟის არმქონე პენსიონერს. ეს ხომ ცინიზმია, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალია. რესურს ამოწურული უმაღლესი სკოლის პედაგოგები (ლექტორები) სახელმწიფოსგან ნამდვილად მივიწყებულნი არიან. დღევანდელ პირობებში, როცა კატასტროფულად იზრდება ყველა სახის პროდუქტზე ფასები, როგორ შეუძლია საპენსიო მიზერული თანხებით შეიძინოს სამკურნალოდ საჭირო პრეპარატები? მომავალში უმაღლეს სკოლებში მომუშავე ლექტორ-მასწავლებლების შრომა უფრო მეტად მოტივირებული და დაფასებული თუ არ იქნა, უმაღლესი სკოლები კრიზისულ მდგომარეობაში და ჩიხში აღმოჩნდება. ნიჭიერი ახალგაზრდობა უმაღლესი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და საერთოდ პედაგოგიურ საქმიანობაზე უარს იტყვიან.

მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და იფიქროს იმაზე, რომ ზემდგომ ორგანოებში დააყენოს საკითხი და მეცნიერ-პედაგოგების მიმართ გამოიჩინონ მეტი ყურადღება პენსიების გაზრდის თაობაზე, რომლებიც ხელისუფლებისა და საზოგადოებისაგან დიდ სიყვარულს და დაფასებას იმსახურებენ. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ემერეტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების წესი. ის არ უნდა ანაზღაურდეს უმაღლესი სკოლის ბიუჯეტის ხარჯზე, რადგანაც ემერეტუსები არამარტო ცალკეულ უნივერსიტეტს ემსახურებიან, არამედ მთელი ქვეყნის საზოგადოებას.

კვლევებმა და დაკვირვებამ გვანახა, რომ ახალგაზრდობის სწორად აღზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელ მიზეზად მიგვაჩნია კაზინოები, ტოტალიზატორი და ონლაინ აზარტული თამაშების მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ადვილი ხელმისაწვდომობა. როგორც ცნობილია, ონლაინ აზარტული თამაშები ამერიკაში აკრძალულია. ამ სენის წინააღმდეგ რუსეთიც იბრძვის. საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით რადიკალური ზომები არ ტარდება. მცირერიცხოვანი ერისთვის ეს მავნე სენი თუ არ იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დაგვიანებულია კიდეც და საჭიროა ჩამოვკრათ განგაშის ზარი, რათა ვიხსნათ ჩვენი მომავალი თაობა დაღუპვისაგან.

ახალგაზრდობის სწორად აღზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელ მიზეზად მიგვაჩნია აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით განქორწინების რიცხვის ზრდაც. განქორწინების რიცხვი თითქმის ქორწინების რიცხვს გაუთანაბრდა, ამას ემატება მშობლების ემიგრაციაში წასვლა და მოზარდების მოხუცებული ბებია-ბაბუის იმედზე დატოვება. ჯერ-ჯერობით ამ მაჩვენებლების კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა. გაურკვეველია, თუ რა უნდა ვიღონოთ ასეთ შემთხვევაში. 

ახლახანს გამოქვეყნებულ დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, დემოგრაფი ანზორ თოთაძე განგაშს ტეხს და აცხადებს, რომ ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა. იგი აღნიშნავს, რომ 2020 წელს საქართველოში 46 520 ბავშვი დაიბადა, ანუ 1776 ბავშვით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს. თუ ამას 2014 წლის მონაცემებს შევადარებთ, როდესაც 60 635 ბავშვი დაიბადა, დავინახავთ, რომ სურათი კიდევ უფრო მძიმეა. ფაქტია, 2014-2020 წლებში ანუ შვიდი წლის განმავლობაში, 14 ათას115 ბავშვით ნაკლები დაიბადა.

თუ ეს ტენდენცია ასე გაგრძელდა, 2028 წლისთვის ქვეყანაში 30 ათასამდე ბავშვი დაიბადება, აქედან ვაჟი დაახლოებით 15 ათასი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ჯარის დაკომპლექტებაც კი გაჭირდება, რაც ქვეყანას საშიშროების წინაშე დააყენებს. საერთო ჯამში, დემოგრაფიული პროცესების მხრივ, მეტად არასახარბიელო მდგომარეობაა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით შემცირდა განქორწინებულთა რაოდენობა, სულ 7643 განქორწინება მოხდა, მაშინ, როდესაც 2019 წელს 11205 წყვილი განქორწინდა ანუ შესაბამის პერიოდთან შედარებით 31,8  პროცენტით შემცირდა განქორწინებულთა რაოდენობა. მცირერიცხოვან ერში აღნიშნული პროცენტით განქორწინების შემცირების მიუხედავად, ეს მაჩვენებელი მაინც დიდია, რადგან მტკიცე და ძლიერი ოჯახები დადებით გავლენას ახდენენ პატარების აღზრდა-განათლების საქმეზე. განქორწინებულთა ოჯახების მიმართ საჭიროა მეტი ყურადღების გამახვილება, რადგან არ დაიჩაგრონ და არ გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი ბავშვები. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ იმედის მომცემ მომავალ თაობას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.

ცხადია, რომ ნებისმიერი - სოფელი იქნება თუ ქალაქი - მოსახლეობის თანდათან კლება, დასაწყისია გაუკაცრიელობის, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის წინსვლაზე და წარმატებაზე. მოსახლეობის ბუნებრივ კლებაზე. არანაკლებ საშიშია მიგრაციული პროცესები. მაგალითად, 2002-2004 წლებში ქვემო სვანეთში მოსახლეობის ბუნებრივ კლებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სწორედ ამ პერიოდში მოსახლეობა 9 ათასიდან 4500-მდე შემცირდა. არა ერთი სოფელი გაუკაცრიელდა და ძირითადად დიდ ქალაქებს მიაშურეს. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოში 4488 სოფლიდან 700 მთლიანად დაცარიელებულია, ხოლო 800 სოფელში მხოლოდ პენსიონრები ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, მიგრაცია უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის გუნება-განწყობაზე. სწორედ ამის მიზეზია ცუდი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ვაწარმოებთ იმდენ პროდუქციას, რამდენიც საჭიროა ქვეყნისათვის ერთი წლის განმავლობაში, საჭირო ხდება არასაკმარისი პროდუქციის იმპორტი. მოვუხმოთ სტატისტიკას: საქართველო ერთი წლის მანძილზე მოიხმარს 700 ათას ტონა ხორბალს, მაგრამ აწარმოებს მხოლოდ 107 ათას ტონას და დანარჩენი უცხოეთიდან იმპორტის სახით შემოგვაქვს. მოვიხმართ 270 ათას ტონა სიმინდს და ვაწარმოებთ 194 ათას ტონას. მოვიხმართ 220 ათას ტონა ბოსტნეულს, ვაწარმოებთ 142 ათას ტონას, 108 ათასი ტონა კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. მოვიხმართ 30.5 ათას ტონა მსხვილფეხა საქონლის ხორცს და ვაწარმოებთ 22.8 ათას ტონას, 7.4 ათასი ტონა კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. მოვიხმართ 40 ათას ტონა ღორის ხორცს, ვაწარმოებთ მხოლოდ 17.6 ათას ტონას, ხოლო 22.8 ტონა კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. მოვიხმართ 69 ათას ტონა ფრინველის ხორცს, ვაწარმოებთ 22.6 ათას ტონას, 51.8 ათასი ტონა კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. რძესა და რძის პროდუქტებს მოვიხმართ 68.3 ათას ტონას, ადგილზე კი ვაწარმოებთ 55.5 ათას ტონას და 13.3 ათასი ტონა უცხოეთიდან შემოგვაქვს. მოვიხმართ 640 მილიონ კვერცხს და ვაწარმოებთ 635 მილიონს და 11 მილიონი უცხოეთიდან შემოგვაქვს.

ქვეყნისთვის საჭირო კვების პროდუქტების პრობლემური საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ მეცნიერების მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კანონიერებას და სამართლიანობას, ასევე არსებული რესურსების ეფექტურ გამოყენებას, რაც საჭირო პროექტების მიზანმიმართული განხორციელების აუცილებელი პირობაა. ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ხვედრითი წილით მოწინავე ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს ბევრად ჩამორჩება. უახლოეს წარსულში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებელმა ცხოვრებაში მხოლოდ ქაღალდზე და არა პრაქტიკულად ჰპოვა ასახვა.

ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, ზეწოლას განიცდის ან სამთავრობო სტრუქტურებთანაა გაიგივებული მსხვილი ბიზნესი. როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე გაბატონებულია ოლიგარქიული და კარტელური გარიგებების ტენდენციები. სრულიად იგნორირებულია, როგორც მეცნიერების, ასევე გამოცდილი პროფესიონალების აზრი. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო სამეცნიერო აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების რეფორმირება, მაგრამ არა მათი სრული იგნორირება და მათი ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირვა. ისინი თავის დროზე დიდძალ კვლევით სამეცნიერო სამუშაოებს ატარებდნენ და მათი საქმიანი რეკომენდაციები მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა ქვეყნის მრავალგვაროვანი ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას.

ცხადია, ხელისუფლებამ ბევრი და კარგი ინფრასტრუქტურის ხორცშესხმაში დიდძალი ინვესტიციები ჩადო, რაც გამოიხატება იმაში, რომ თითქმის რესპუბლიკის ყველა სოფლის მისასვლელი თუ შიდა გზა მოასფალტებული თუ მობეტონებულია, რომელმაც მისცა ბიძგი ადამიანებს, რომ დაბრუნებოდა სოფელს.  ერთ-ერთმა წინანდალელი ქალბატონმა, რომელსაც უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და ცხოვრობდა თბილისში, ერთ დღეს გადაწყვიტა თავისი სოფლის მონახულება და თავისი თვალით იხილა და მოეწონა კეთილმოწყობილი გზები, თანაც იქაურობაც და გადაწყვიტა საცხოვრებლად დარჩენილიყო სოფელში და დაუღალავი შრომის ფასად აღადგინა გაპარტახებული სახლ-კარი, კიდევაც ბაღნარად აქცია ეზო-გარემო. ყველა შენატრის მის ნახვა-დათვალიერებას. ქალბატონი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თბილისში ერთოთახიან ბინაში ცხოვრებას სჯობს დაუბრუნდნენ მიტოვებულ საკუთარ კარ-მიდამოს და საკუთარი შრომით მიღებული შედეგებით დატკბნენ.

სოფელში თითქმის ყველა ოჯახი გაზიფიცირებული და ელექტროფიცირებულია. მოსახლეობა წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია, სარგებლობს ინტერნეტით, მაგრამ ძალზე ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ შემცირდეს მიგრაცია, მოსახლეობის უმრავლესობა მყარად იყოს ფეხმოკიდებული თავის მამულში. ხელისუფლების დახმარებით შექმნილია და იქნება ოჯახური ფერმერული მეურნეობები, სადაც გაერთიანებული იქნებიან ოჯახის წევრები და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელია მოიწვიონ მეზობლები და ჩაერთონ ოჯახური ფერმერული მეურნეობის საქმიანობაში. ჰარმონიული შრომის შედეგად შესაძლებლობა ეძლევათ დაძლიონ ოჯახური პრობლემები, საშუალება ექნებათ აწარმოონ მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ქვეყნის მოსახლეობის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა ნაყოფიერი მიწის მქონე რეგიონებში ფართოდ გაიშალოს მუშაობა ოჯახური ფერმერული მეურნეობის შექმნის თაობაზე, რაც მოგვცემს საშუალებას საგრძნობლად შევამციროთ იმპორტირებული პროდუქციის ხვედრითი წილი. ხელისუფლებამ აქტიური როლი უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ ფერმერები უზრუნველყოს ტექნიკით, მანქანა-იარაღებით და ხელი შეუწყონ პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის მოგვარებაში, რათა სოფლის მოსახლეობამ იგრძნოს ოჯახური ფერმერული მეურნეობის სიკეთე.

როგორც ირკვევა, ქართველი მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოს თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსების კლიმატური პირობებისა და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია.

ქვეყნისა თუ პიროვნების წარმატების საწინდარი იყო და არის შრომის გონივრული დისციპლინა, რომელსაც დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება. კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ არმიას არ მიუღწევია წარმატებისათვის, ვისაც არ ჰქონდა შეგნებული და მკაცრი წესრიგი, როგორც კი მოეშვებოდა დისციპლინა, იმ წუთში მარცხდებოდნენ. ვერც ერთი რგოლი წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ იქ დისციპლინა არ არის. დისციპლინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მომჭირნეობა და ფულის სწორად ხარჯვის ცოდნა. ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით ირკვევა, რომ ხელისუფლების შტოებში უყაირათოდ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ხელფასების განუსაზღვრელი ოდენობით დანიშვნაში, ძვირადღირებული პირადი მომსახურების ავტომობილების შეძენაში, კაბინეტების მოწყობასა და სხვა. მოვუხმოთ გონებას, სანამ კრიზისში ვართ, ყოველი თეთრი მიზანმიმართულად დავხარჯოთ. ვისწავლოთ ეკონომიური ტრანსპორტით გადაადგილება, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის აღმავლობას. ხელი მოვკიდოთ და განვავითაროთ ისეთი ბიზნესი, რომლის პირობებიც არსებობს ჩვენში და ასევე, რაც მთავარია, ერი რომ არ გადაშენდეს, დემოგრაფიული მდგომარეობა პრიორიტეტულად გავხადოთ.

ქვეყანა მაშინაა ძლიერი, როცა ხელისუფლების მმართველობით სტრუქტურებში თანამდებობებს იკავებენ ცივი გონებისა და სუფთა ხელების მქონე ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, კარგი გამოცდილება,  მენეჯერული აზროვნება, რომლებსაც შეუძლიათ ძლიერი მოთამაშეებისაგან ჩამოაყალიბოს კარგი გუნდი და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილების შედეგად მიაღწიონ ახალ-ახალ წარმატებებს. ამიტომაა საჭირო, რომ ადამიანის კეთილდღეობაზე დღენიადაგ მოფიქრალი ცენტრალური თუ მუნიციპალური ხელისუფლება ჰყავდეს ქვეყანას. როგორ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, რას არ აკეთებდნენ იმისთვის, რომ ძლიერი ყოფილიყო ხალხი და ქვეყანა. რაინდული შემართების მეფე დემეტრე თავდადებული ღამღამობით სახლიდან ჩუმად გადიოდა ფულიანი ქისებით და ხალხში მოწყალებას არიგებდა. დღეს რომელი ქართველი მილიონერი მიბაძავს სახელოვან დემეტრე თავდადებულს. ჩვენი წინაპრები დიდ საქმეებს აკეთებდნენ ერის ბედნიერებისათვის.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართველი ერის კეთილდღეობისთვის მათხოვრობასაც არ თაკილობდა. ასეთი იყო ნიკო ცხვედაძე, რომელსაც ზოგი გიჟს და გადარეულს ეძახდა. თვითონ ღატაკი და უქონელი დადიოდა ხვეწნა-მუდარით, ლამის მათხოვრობით ფულს აგროვებდა, უარს არავინ ეუბნებოდა, რადგან მის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. მას ფული ქართული უნივერსიტეტის შენობის ასაგებად სჭირდებოდა. ნიკო იყო გულმხურვალე ქართველი პატრიოტი, რომელსაც პირად ინტერესზე მაღლა მუდამ ქართულ სახელმწიფოებრივ საქმეს აყენებდა. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული დიდი ქართველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ემიგრაციაში ყოფნის დროს პარიზში ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ ნახევარი ბოთლი რძით და პურით არსებობდა. შიმშილობისა და ავადმყოფობისგან მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არცერთი ექსპონანტი გასაყიდლად არ გაიმეტა. ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველასგან მივიწყებული მარტოობაში გარდაიცვალა. მან ფასდაუდებელი ამაგი დასდო თავის სამშობლოს, რომელსაც სიცოცხლეში ღირსეული პატივისცემა და დაფასება არ ჰქონია. როგორც დიდ ერისკაცს და მამულიშვილს, ტანჯულ ექვთიმე თაყაიშვილს, ღირსეული პატივი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიაგეს და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

აღსანიშნავია უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი, ნიჭიერი მეცნიერის, სერგო ბერიას მიერ დამუშავებული ტექნოლოგია, რომელსაც თავის დროზე მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა. მან ბაზალტის ქვისაგან დაამზადა ძაფი და ამ ძაფისგან შექმნილი ქსოვილი დიდ სიმხურვალეს უძლებს. ეს გახლავთ გასაოცარი ტექნოლოგია. ამ ქსოვილისგან დამზადებული კომბინიზონით ადამიანი ცეცხლში რომ შევიდეს, აბსოლუტურად უვნებელი გამოვა. ბაზალტისგან აგრეთვე ამზადებდნენ სპეცბლოკებს, რომლებსაც სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში იყენებდნენ, ასევე ანტიკოროზიულ მილებს და უამრავ საჭირო მასალას, რომელიც სარაკეტო მშენებლობაში გამოიყენება. დიდი მეცნიერი, სერგო ბერია საქართველოში აპირებდა ამ უნიკალური და საჭირო ტექნოლოგიის დანერგვას და ბაზალტისგან სტრატეგიული ძაფისა და შესაბამისი ქსოვილის დამამზადებელი ცენტრის შექმნას. მისი პირველი ცდა იყო, როცა მან ნავთლუღში ქარხანა ააშენა, სამწუხაროდ, გადაწვეს. მეორე ქარხანა თელავში უნდა აეშენებინა, მაგრამ იქაც არ გაახარეს. კაცი თვითონ აფინანსებდა, როგორც თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მამულიშვილი. საქართველოსთვის ეს იქნებოდა ძალიან მომგებიანი პროექტი, რომელიც ქვეყანას სხვა სიმაღლეზე აიყვანდა, მაგრამ მტრებმა შესანაიშნავი იდეის განხორციელების საშუალება არ მისცეს. მამულზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი საქართველოდან გულმოკლული გააქციეს. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები ბევრია ჩვენს სინამდვილეში, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის წინსვლაზე და ცუდ იმიჯს უქმნის სახელმწიფოებრიობას. ხელისუფლების წარმომადგენლები თუ თითოეული მოქალაქე მოკრძალებას უნდა გამოხატავდეს თავისი სამშობლოს მიმართ, იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე პიროვნება, პატივს სცემდეს კანონს, უნდა ჰქონდეს კანონმორჩილების შეგრძნება, იბრძოდეს ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმის წინააღმდეგ, რომელიც ჰყვავის მმართველობით სტრუქტურებში, რის ნაყოფსაც აშკარად ვიმკით. როგორც ჩანს, ქვეყანაში ნელ-ნელა იშლება ქვეყნის მმართველობითი ბერკეტები, რომელიც ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. საშიშროების წინაშეა ქვეყნის დამოუკიდებლობაც კი. საქართველოს პირველმა პრეზიდნეტმა ბრძანა, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეებისთვის და არა ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის!

საქართველო ძლიერი და სტაბილური ქვეყანა მაშინ იქნება, როცა თითოეული მოქალაქე კანონმორჩილი იქნება. კანონის წინაშე ყველა ერთნაირად თანასწორი უნდა იყოს, თანამდებობებისა და წოდებების მიუხედავად. როცა კანონი არ კანონობს და საქმე უხარისხოდ სრულდება, ქვეყანა წინ ვერ წავა. მაღალი თანამდებობის პირებმა და ცნობადმა პერსონებმა თვითონ უნდა უჩვენონ საზოგადოებას კანონმორჩილებისა და შრომის დისციპლინისადმი პატივისცემის მაგალითები. თვალი გადავავლოთ განვითარებული ქვეყნების კანონიერებას, სადაც ნახავთ, იქ მცხოვრები ადამიანები და ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ სცემენ პატივს კანონსა და პიროვნებას. ისინი აქტიურად არიან ჩართული ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რადგან მათ სჯერათ სამართლიანობისა და კეთილი მომავლის. ქვეყანაში თუ კანონების, დისციპლინის მაღალი პასუხისმგებელი და შემსრულებელი ვიქნებით, მაშინ თითოეულ ადამიანს მიეცემა მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების საქმეში და მისი იდეების რეალური განხორციელებისათვის. ამით მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდება თავიანთ საცხოვრისს და მეტი საზოგადოებრივი პროდუქციის მწარმოებლები ვიქნებით. ადამიანების ურთიერთ პატივისცემა, კეთილგანწყობა და სიყვარული უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი. ადამიანებს გაუჩნდებათ მოტივაცია თავის საქმიანობაში ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებაზე, გამოცდილებების ურთიერთ გაცვლაზე და ახალი იდეების შექმნაზე დაიწყებს ფიქრს. ყოველივე ეს გამოიწვევს მენეჯმენტისადმი მეტად გაზრდილ მოთხოვნებს. ეფექტური მენეჯმენტი, გუნდურობა, გამჭვირვალობა, დროის მენეჯმენტი, უახლესი ტექნიკა-ტექნოლოგიები, მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობა ძლიერი საფუძველი გახდება ღონიერი, ეკონომიურად გამართული სახელმწიფოს განმტკიცებისათვის.